ფონდი „ქართუს“ და კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსების საფუძველზე დასრულდა რკონის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიის ცენტრალური ნავის გადახურვასა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საპირე წყობების აღდგენას ითვალისწინებდა.

სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას მთავარ ტაძარზე ლავგარდანის მორყეული ქვები კირის დუღაბზე გადაეწყო.

მონოლითურად მოეწყო მისი სარტყელი და კამარის თაღები. ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავებულ ბურულქვეშა კონსტრუქციაზე დაეგო ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა. ამორტიზებული თუნუქის სახურავი კი შეიცვალა ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქით. ღვთისმშობლის ტაძარის ფასადისა და ინტერიერის ამორტიზებული ქვის საპირე წყობები ფრაგმენტულად გადაეწყო კირხსნარზე, ხოლო სრულად დეგრადირებულ არეალებზე კი პერანგის ქვები ქვიშაქვის ახალი კვადრებით ჩანაცვლდა. ინტერიერში არსებული ბზარები და გამოქარული მონაკვეთები ჰაერის ჭავლით დამუშავდა, გამოსუფთავდა და კირდურაბით ინექტირდა. არქეოლოგიური ზედამხედველობით აიყარა კრიტიკულად დაზიანებული აგურის იატაკის ფენილი, რომელიც ქართული ტრადიციული წყობის ნიჩბისის ქვით მომავალ წლის პირველივე თვეებში შეიცვლება. სამონასტრო კომპლექსის ეზოში აიყარა დაზიანებული ქვის სარინელი. მის ნაცვლად 10 სმ სისქის ხრეშის ფენილზე დაეგო ნატეხი ფლეთილი ქვის ფილების ახალი სარინელი, რომელიც ტაძარს სახურავიდან ნადენ წყალს აარიდებს.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით რკონის კომპლექსური რეაბილიტაციის საშუალოვადიანი პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება. რესტავრაციის მომდევნო ეტაპზე დასრულდება მთავარი ტაძრის ორივე ნავის გადახურვისა და კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები. კომპლექსური რეაბილიტაცია მოიცავს მონასტრის სუბსტრუქციის კონსოლიდაციას, ნათლისმცემლის მცირე ეკლესიის, სამრეკლოს, კოშკის, ეგვტერის, სატრაპეზოსა და გალავნის რეაბილიტაციას. სამომავლოდ დაგეგმილია ტაძრის პერანგის ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის განხორციელება.

  • რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII–XIV საუკუნეების მიჯნა და XVII–XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს შეესაბამება. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში — საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here